თეგი: თავდაცვის ძალები

ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვის ძალებს

აშშ-ის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვის ძალებს. შესაბამის ტექსტს ამერიკის საელჩო ავრცელებს. „ჩვენი სამხედრო ოფიცრები და სამოქალაქო პირები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციებმა თავისი თანამშრომლების წარმატებული კარიერის უზრუნველსაყოფად შექმნას წვრთნის, დაწინაურებსა თუ პირადი მხარდაჭერის შესაძლებლობები. 15 აპრილს აშშ-ის მრჩეველმა მაიკ მეისლიმ ბრწყინვალების მონეტა გადასცა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე ნინო არბოლიშვილს. ამ მონეტით აღინიშნება მისი შესანიშნავი ინიციატივა სამინისტროს რესურსების მართვის სისტემების გასაძლიერებლად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალების მზადყოფნისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-ს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა გრძელდება

საქართველოს პარლამენტში თავდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება M-4 ტიპის შაშხანებით თავდაცვის ძალების სრულად უზრუნველყოფაზე გაამახვილა. მინისტრმა 2020 წელს განხორციელებულ შესყიდვაზე ისაუბრა. „შესყიდვა განხორციელდა 2006-07 წლებში ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობისთვის საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი აუთვისებელი თანხებიდან, რომელიც 22 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს მაგალითი მკაფიოდ მიუთითებს ჩვენი გუნდის ეფექტურობას“. „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-ს სტანდარტების სხვა თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გრძელდება სამანევრო ბრიგადების აღჭურვა სხვადასხვა შეიარაღებით უცხოური დაფინანსების ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებით ქვედანაყოფების აღჭურვა. მინისტრმა NATO-ს სტანდარტების ავტომატური G4 ტიპის შაშხანების წარმოების პროცესის დაწყებაც გააჟღერა. „ამ ეტაპზე საწარმო მუშაობს სატესტო რეჟიმში და მიმდინარეობს უკვე დამზადებული 5 ერთეული ნიმუშის ტესტირება სხვადასხვა მეთოდით. იარაღების გამოცდის შემდეგ საწარმო დაიწყებს სრულყოფილ ფუნქციონირებას, რაც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ წელიწადში რამდენიმე ათასი G4 ტიპის შაშხანა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დაამატა, რომ საწარმო მნიშვნელოვნად გადაწყვეტს აღნიშნული შეიარაღებით ქართული ჯარის მომარაგების პროცესს.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა თავდაცვის ძალების მშენებლობის საკითხში განსაკუთრებულია - თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა თავდაცვის ძალების მშენებლობის საკითხში განსაკუთრებულია.  „2021 წლის ბოლოს წარმატებით დასრულდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებში მომზადდა და აღიჭურვა 9 სამანევრე ბატალიონი. პროგრამის წარმატებით განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას, რომლის ურთიერთგაგების მემორანდუმს 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში მოვაწერეთ ხელი. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, შემუშავდა მისი განხორციელების ორმხრივი კონცეფცია (2022-2027). აღნიშნული დოკუმენტის მიზანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, შეკავების და NATO-სთან თავსებადობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრმა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, 2021 წელს ამერიკულმა მხარემ საქართველოს 35 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, 2022 წელს კი, საქართველომ ჯამში შეერთებული შტატებისაგან 67.4 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. ყურადღება გამახვილდა კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეულ დახმარებაზეც. ამ მიზნით, 2021 წელს აშშ-ის ევროპულ სარდლობასა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით,  დაახლოებით 6,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც  კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების არსებითად გაუმჯობესება მიმდინარეობს. მინისტრმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა პარტნიორული ურთიერთობები დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიის, სკანდინავიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, ასევე, აღნიშნა თავდაცვის ძალების მხარდაჭერის მიმართულებით თურქეთის ძალისხმევა და საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე პირველად აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე პირველად აღნიშნეს. ღონისძიება ბოლნისში მდებარე მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საპარაშუტო ხტომები ორი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან შეასრულეს, შემდეგ კი, თავისუფალი ვარდნით ხტომები ერთი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან განახორციელეს. პარაშუტისტების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გასულ წელს დაარსა. პარაშუტისტების პროფესიული დღის დაწესებას საფუძვლად დაედო ქართველი სამხედრო პარაშუტისტების მიერ 1999 წლის 9 ივნისს განხორციელებული პირველი საპარაშუტე ხტომები. 

25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს

25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება დიდგორის მემორიალთან გაიმართა. თავდაცვის ძალების სერჟანტთა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. „საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სერჟანტთა კორპუსის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. მათ სერჟანტებს თავდაცვის ძალების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე დიდგორის მემორიალთან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტთა ათეულის მეთაურისა და ჯგუფის უფროსის კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით - „გიორგი ანწუხელიძე“ და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრებით.  

თავდაცვის მინისტრმა დუშეთში, ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელობის მწვერვალზე მემორიალური დაფა განათავსა

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე მწვერვალზე, რომელსაც თავდაცვის უწყების ინიციატივით ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელი ეწოდა, შესაბამისი აბრა დამონტაჟდა. მემორიალური დაფა მწვერვალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პირადად განათავსა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ასევე კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. უსახელო მწვერვალს სამხედრო მფრინავის ზურაბ იარაჯულის სახელი თავდაცვის უწყების ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე მიენიჭა. მწვერვალი ზურაბ იარაჯული მდებარეობს თიანეთის ქედზე (ქართლის ქედის ჩრდ.-აღმ. დაბოლოება, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით), მდინარეების ფშავის არაგვისა და ალაზნის წყალგამყოფზე, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე, ზღვის დონიდან 3254,0 მეტრ სიმაღლეზე, გეოგრაფიული კოორდინატები: x – 518493, y – 4693900. სამხედრო მფრინავი ზურაბ იარაჯული აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. 2013 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.  

საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. საიუბილეო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო იარაღი გადაეცათ. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დასავლეთის სარდალმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სპორტული აქტივობებიც გაიმართა, რომელშიც აშშ-ის არმიის მეოთხე უსაფრთხოების ძალების მხარდამჭერი ბრიგადისა (SFAB) და მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება საწვრთნელ ველზე თავდაცვაზე ორიენტირებული საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. სწავლებაში დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ქვეითმა ოცეულმა, აშშ-ის მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად, მოწინააღმდეგეების მიმართ ჩასაფრება, დაზვერვის ასეულმა კი, საბრძოლო სროლები განახორციელა. საიუბილეო ღონისძიების დასასრულს, მეორე ქვეითმა ბრიგადამ ქუთაისის საზაფხულო სკოლა „მკვლევარის“ მოსწავლეებსაც უმასპინძლა. მეორე ქვეითი ბრიგადა 1992 წელს შეიქმნა. ბრიგადა საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია, რომელიც 1992 წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩართული იყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც.  

თავდაცვის სამინისტროში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროებს - კაპრალ-სპეციალისტ კახა შარვაშიძეს, სერჟანტ ირაკლი ჯულაყიძეს, სერჟანტ ლევან პატაშურსა და უფროს ლეიტენანტ თორნიკე სამაკაშვილს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და კარიერულ ცხოვრებაში წარმატებები უსურვა. „წელს საუკეთესო სამხედროები ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადიდან, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადებიდან გამოვლინდნენ. თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია საუკეთესო რიგითების, კაპრალების, ათეულისა და ოცეულის მეთაურების, სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების გამოვლენის მიზნით მუშაობას აგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის უწყებაში სამხედროების დაფასების, შეჯიბრებითობისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

19 სექტემბერი სამხედრო ავიაციის დღეა

19 სექტემბერი სამხედრო ავიაციის დღეა. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „1921 წლის თებერვალში, ქართველი სამხედრო მფრინავები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ, რა დროსაც, თბილისთან, მოწინააღმდეგეზე რამდენიმე წარმატებული იერიში განახორციელეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წელს, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო შეიქმნა, რომელიც, 1993 წელს, მთავარ სამმართველოდ გადაკეთდა. 1995 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალებს გვარდიის სამმართველოს შვეულმფრენთა საავიაციო პოლკი შეუერთდა. 1998 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები გაერთიანდა და მათ სამხედრო-საჰაერო ძალები ეწოდა. 2010 წლის გაზაფხულზე, სამხედრო-საჰაერო ძალები, საავიაციო ბრიგადის სახით, სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა. დღეისთვის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა საქართველოს თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაშია“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, 1992 წელს, სწორედ 19 სექტემბერს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. „1992-1993 წლებში, საქართველოს სამხედრო ავიაცია აქტიურად ჩაერთო აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში რა დროსაც, ქართულმა სუ- 25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა 217, ხოლო შვეულმფრენებმა 360 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აქტიურად მონაწილეობდა, სადაც ქართულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა და შვეულმფრენებმა, მოწინააღმდეგის ქვეით და ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანეს. ბოლოხანს, ქართულ სამხედრო ავიაციაში მფრინავი და საინჟინრო-ტექნიკური შემადგენლობის კვალიფიკაცია და საბრძოლო მომზადების დონე საგრძნობლად ამაღლდა, რაც სწავლებებისა და წვრთნების კუთხით, ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა. მოკავშირე ქვეყნების დახმარებით, ქართული სამხედრო განათლების სისტემა დაიხვეწა, შედეგად, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ავიაციის ოფიცრებსა და სერჟანტებს ამზადებს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.  

17 ოქტომბერი, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა

17 ოქტომბერი, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა. როგორც ცნობილია, დღეისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 66 000-ზე მეტი პირია რეგისტრირებული. ამასთან, საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელიდან აღინიშნება.  

სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022" მუხროვანში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორკვირიანი წვრთნა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და კოორდინირებულად მოქმედებას ისახავდა მიზნად. სცენარის მიხედვით, აღმოჩენილ მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფის მართვის პუნქტზე სამივე ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების კომბინირებულმა ჯგუფებმა შეტევა განახორციელეს. საცეცხლე მხარდაჭერის ქვეშ მოხდა სამანევრო ელემენტების მიერ შეტევის განხორციელება, რის შედეგადაც განეიტრალდა მოწინააღმდეგის ძალები. „შემაჯამებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი მაჰმად ჰასანოვი და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი კაან ორბაი დაესწრნენ. სწავლების დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის და სწავლებაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედროებს სწავლების დასრულება ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მე-11 ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ­ქვედანაყოფები გადამზადებას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, წვრთნისა და შეფასების პროგრამა საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა გაიარა. ოთხკვირიანი პროგრამა ბატალიონმა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. სიმულაციური სცენარი რეიდის განხორციელებას, თავდაცვითი პოზიციების მოწყობას, მოწინააღმდეგის ბლოკირებას, შეტევასა და ობიექტის განადგურებას მოიცავდა. სწავლების განმავლობაში მე-11 ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. „სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ინსტრუქტორებისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის დამკვირვებლების შეფასებით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა პროგრამა წარმატებით გაიარა. GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საქართველოს თავდაცვის ძალებმა მრავალეროვნული სწავლებისთვის - Agile Spirit 2023 მზადება დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალებმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან ერთად მრავალეროვნული სწავლებისთვის - Agile Spirit 2023 მზადება უკვე დაიწყო. სწავლების საწყისი დაგეგმვის კონფერენცია ერთი კვირის განმავლობაში სასტუმრო „პულმონში“ გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უცხოელ პარტნიორებთან სწავლების აღსრულების ფაზის თარიღებსა და საწვრთნელ არეალზე, მასში მონაწილე ქვეყნებსა და ქვედანაყოფებზე, ტაქტიკურ დონეზე სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. დეტალები შემდეგში დაგეგმილ მთავარ და საბოლოო დაგეგმვის კონფერენციებზე უცხოელ პარტნიორებთან შეჯერდება. Agile Spirit 2023 ზაფხულში ჩატარდება. მრავალეროვნულ სწავლებას საქართველო უკვე მე-11 უმასპინძლებს და მას კვლავ თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა უხელმძღვანელებს.

ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაური საქართველოში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს ბრიგადის გენერალ ეგილს ლეშჩინსკის შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. „აღინიშნა ეროვნული გვარდიის როლი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტის - ტერიტორიული რეზერვის, სამობილიზაციო რეზერვისა და „თავდაცვის მოხალისეთა“ ძალების, ასევე, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რეკრუტირების საქმეში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ლატვიის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების საკითხებს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ბრიგადის გენერალმა ეგილს ლეშჩინსკისმა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალიწინებულ ღონისძიებებზე, ასევე სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრას ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და ლატვიის ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კასპარს პუდანსი დაესწრნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაური საველე-საწვრთნელ ბაზა „პალდოს“ და მე-20 კადრირებულ ბრიგადასაც ესტუმრა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი შესრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჩიხლაძემ მიულოცეს. „ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დაჯილდოვნდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრებიც გადასცეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღეც გაიმართა. სამხედრო ბაზას ვაზიანის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ და სამხედრო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერეს. საზეიმო ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მე-5 საარტილერიო ბრიგადას დიდი საბრძოლო ისტორია აქვს. 2018 წლის ივნისში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა, რომლის შედეგად პირველი საარტილერიო ბრიგადა აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადად ჩამოყალიბდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს ახალი შენობა გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტირებული და გარემონტებული შენობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ახალი შენობა სრულად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი.  

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე საბერძნეთიდან გამარჯვებული დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, საბერძნეთის ქალაქ ამინდეოში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირიდან გამარჯვებული დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, უფროსმა ლეიტენანტმა ლიკა წულუკიძემ ქალთა შორის -52 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. „უფროსი ლეიტენანტი ლიკა წულუკიძე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირთა დაცვის განყოფილების უფროსი ინსპექტორია. ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში 16 ქვეყანა მონაწილეობდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თავდაცვის ძალების მეთაურმა ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაურს უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ბრიგადის გენერალი რიჰო უტეგი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული კავშირები, ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „მხარეებმა ტერიტორიული თავდაცვის შესახებაც ისაუბრეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ყურადღება გამახვილდა ტერიტორიულ და სამობილიზაციო რეზერვზე, ასევე თავდაცვის მოხალისეებსა და თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რეკრუტირების საკითხებზე. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ესტონეთის მხარეს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და ესტონეთის თავდაცვის ლიგის მთავარი სერჟანტი პიტერ ლენდი დაესწრნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრ „პალდოსა“ და მე-20 კადრირებულ ბრიგადასაც მოინახულებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

თავდაცვის ძალებში საუკეთესო ჯარისკაცები დააჯილდოვეს

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო ჯარისკაცის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მეთაურმა კაპიტან ელგუჯა შეყილაძეს, კაპრალ პაატა საბიაშვილს, სერჟანტ გიორგი ქვრივიშვილს, სერჟანტ გიგლა ჯანელიძესა და უფროს ლეიტენანტ შოთა მეხეშიძეს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. საუკეთესო სამხედროების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხორციელდება. პროექტის მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.  

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა.

თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს იწვევს. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი კურსი. უწყების ცნობით, BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან, მოქალაქეები კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით უზრუნველყოფილნი არიან. „სამსახურში გადანაწილების დროს, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 4-წლიან საკონტრაქტო სამსახურში, ასევე, სხვადასხვა სპეციალობაზე დასანიშნად, 18-დან 45 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს იწვევს. მათ შორის, მძღოლებს, ლოჯისტიკის სპეციალისტებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, საინჟინრო და ქიმიის მიმართულების სპეციალისტებს, ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებს. აღნიშნულ სპეციალობებზე დასანიშნი პირები საწყისი საბრძოლო მომზადების მოკლე კურსს გაივლიან და სამხედრო კარიერას ქვედანაყოფებში სპეციალობების მიხედვით გააგრძელებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორში. „რიგითის საწყისი ხელფასი 1530 ლარია. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ერთჯერადი დანამატი პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 5 000 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები): 2-წლიანი კონტრაქტისას 3 000 ლარი, 4-წლიანი კონტრაქტისას 8 000 ლარი. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორში. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის (მეუღლე, შვილი) სთავაზობს სწავლის თანადაფინანსებას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მინისტრის სტიპენდიას სემესტრულად 750 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე). აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეს, როგორც სერჟანტთა, ასევე, ოფიცერთა შემადგენლობაში პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ექნება. უწყება მათ სთავაზობს უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული და რუსული) შესწავლას და საკარიერო კურსებში მონაწილეობას საზღვარგარეთ (ევროპაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში). საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ დამატებით პროფესიას - ელექტრიკოსი, ელექტრორკალური შემდუღებელი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის სპეციალისტი, ავტომობილის შემკეთებელი (ელექტროტექნიკოსი), დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი, როგორც თავდაცვის ძალებში არსებულ სასწავლებლებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით სამოქალაქო კოლეჯებსა და პროფესიული მომზადების ცენტრებში. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ - mod.gov.ge/onlinebct.mod.gov.ge ასევე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თავდაცვის ძალების მეთაური დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს ესტუმრა

თავდაცვის ძალების მეთაურმა დასავლეთ საქართველოში არსებული ქვედანაყოფები მოინახულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ადგილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროს გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და თავდაცვის ძალების მთავარ სერჟანტთან, მთავარ სერჟანტ გიორგი გოგოჭურთან ერთად გაეცნო. „თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა რამდენიმე ლოკაცია მოინახულეს, მათ შორის: სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა, კოპიტნარის საავიაციო ბაზა, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა, ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა და ბათუმის ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა. დასავლეთში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სარდლობაში მიმდინარე რამდენიმე სწავლების მიმდინარეობასაც გაეცნო და სორტას პოლიგონზე რეზერვისტებს გაესაუბრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

31-ე ქვეითმა ბატალიონმა მასშტაბური საველე სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბატალიონისთვის, სიმულაციური სცენარის მიხედვით, მოეწყო თავდაცვითი პოზიციები, განხორციელდა რეიდი, მოხდა პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნება და მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის შენარჩუნება. „ოთხკვირიანი სწავლების განმავლობაში 31-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. მათ 31-ე ქვეითი ბატალიონი ერთ-ერთ დისციპლინირებულ და მოტივირებულ ქვედანაყოფად შეაფასეს. GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღე ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე აღინიშნა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ლოჯისტიკოსებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი – საშტატო იარაღი გადაეცათ, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდნენ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის კი, მედლები „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადაეცათ. ასევე, სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრები გადაეცათ და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობა გამოეცხადათ. სტუმრებმა ბაზაზე გამოფენილი შეიარაღებაც დაათვალიერეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.  

პრეზიდენტი: სისასტიკის და ძალთა შეფარდების მიუხედავად, უცხო შემოჭრილი ძალა, ქვეყნისთვის თავდადებულ ძალას ვერ ამარცხებს

ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული „რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ორიენტაციაზე - ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მისივე თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა - თავდაცვის ძალების როლი კიდევ უფრო იზრდება და მოითხოვს კიდევ მეტ პროფესიონალიზმს, მოქნილობას და ცოდნას. პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინელების გამარჯვება განაპირობებს მსოფლიოს ხვალინდელ დღეს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას. ,,მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს, მივესალმები გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს, რიგითებს, მივესალმები მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ქალაქ თბილისის მერს, მივესალმები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დღეს, როგორც ყოველ წელს, თქვენთან ერთად შევიკრიბეთ და სიამაყით აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების დღეს, თუმცა ეს დღე არაა და არც უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური, ცერემონიალური, თუ პათეტიკით აღსავსე სიტყვების წარმოთქმის დღე. ეს დღე, ქვეყნისთვის, რომელსაც საქართველოსნაირი ისტორია უდგას სათავეში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სრულიად ვიაზრებთ და ვაფასებთ საუკუნეების მანძილზე, თავდაცვის ძალების უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, შენარჩუნებაში და დღეს უკვე მის გამყარებაში. ეს ის დღეა, როცა ვიაზრებთ, თუ რა არის თავდაცვის ძალების დანიშნულება ქვეყანაში, მათი შეუფასებელი სამსახური ქვეყნის წინაშე და არა მხოლოდ ომის დროს, არამედ სწორედ მშვიდობის ჟამს და ყოველდღიურად, თუ ყოველწუთიერად. თქვენ ქვეყნის სადარაჯოზე დგახართ! პირველ რიგში თავდაცვა, კლასიკურად, ნიშნავს, ჩვენი საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენობის დაცვას. ეს არაა მარტივი მოვალეობა: ჩვენ ვიცით, და გვახსოვს 1921, 1992-93 და 2008 წლების რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი ჯარისკაცების თავდადებული ბრძოლა. არ ვივიწყებთ, და არ დავივიწყებთ რამდენი მათგანი შეეწირა ამ უმაღლეს და უმნიშვნელოვანეს მიზანს - საქართველოს დამოუკიდებლობას! დღეს მათთვის პატივის მიგების დღეა, მათი ოჯახების მიმართ მადლობის გამოცხადების დღეა. ასევე განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნის ჩვენს ვეტერანებს. მე როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას. თავდაცვის ძალების როლი, მხოლოდ წარსულზე არ გვაფიქრებს, არამედ მომავალზე. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა. ძველ ფორმებთან ერთად გაჩნდა მთელი რიგი ახალი საფრთხეები. ამდენად, თავდაცვის ძალების როლი კიდევ უფრო იზრდება და მოითხოვს კიდევ მეტ პროფესიონალიზმს, მეტ მოქნილობას და მეტ ცოდნას. დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეში, აგრესიული იმპერიალიზმი, რაც არ უნდა ანაქრონიულად ჟღერდეს - ახალი სისასტიკით და დაუნდობლობით იჩენს თავს. უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ 14 თვის წინ გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო შეძრა, რამეთუ აბუჩად იქნა აგდებული ყველა საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული პრინციპი. თუმცა სისასტიკის და ძალთა შეფარდების მიუხედავად ვხედავთ, რომ უცხო შემოჭრილი ძალა, ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას ვერ ჯობნის და ვერ ამარცხებს. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენს ისტორიაში, საქართველოს მიერ მრავალჯერ იქნა ნაჩვენები. ამდენად, უფრო მეტად გვესმის და ვგულშემატკივრობთ უკრაინას და მის ღირსეულ სამხედრო და სამოქალაქო მებრძოლებს. მათი გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას. ამ დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოაშკარავა. მსოფლიოში და მით უმეტეს ევროპულ კონტინენტზე გამოიწვია საფრთხის ახალი აღქმა, რასაც უკრაინის მიმართ არნახული დახმარების გაწევა, სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის მნიშვნელობის განმტკიცება მოჰყვა - შვედეთისა და ფინეთის გაცხადებული კანდიდატურები სწორედ ამას ამტკიცებს. ჩვენთვისაც, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე. და ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ წლების მანძილზე პარტნიორების მიერ გაწეულ უდიდეს დახმარებას, მათი ძალისხმევით, სწავლებებით და თანამედროვე აღჭურვილობით, ამაღლდა ჩვენი ძალების პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენმა აქტიურმა მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა ჯარის მოდერნიზაციის და განვითარების გზაზე. სწორედ იქ შევძელით, რომ მაგალითი მიგვეცა საქართველოს ჯარის მზადყოფნის, საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავების და ამით საქართველო დამკვიდრდა, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი. თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ურთულეს პირობებში ღირსეული ადგილის დაკავება შეგიძლიათ. ქართველებს კარგად გვესმის, რომ პარტნიორობა ორმხრივი გზაა და თქვენ ესეც დაამტკიცეთ. თავდაცვის ძალებს, დღევანდელი გლობალური საფრთხეების წინაშე, ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად უფრო და უფრო განსხვავებული მისიები და ვალდებულებები ეკისრებათ: ამის არც თუ ისე შორი მაგალითი კოვიდ პანდემიაა, სადაც კარგად გამოჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების დიდი წვლილი, მზადყოფნა და პროფესიონალიზმი. კლიმატური ცვლილებები და მისგან გამოწვეული საფრთხეები ჩვენი ძალებისთვის მოითხოვს ახალ აღჭურვილობას და მზადყოფნას, საზოგადოების ყველა საჭიროებისა და უსაფრთხოების დასაცავად. კიბერუსაფრთხოება ახალი მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა, რომელსაც ასევე უნდა გავუმკლავდეთ. მჯერა და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ, იქნებით ყველგან და ყოველთვის იქ სადაც დაგიძახებთ თქვენი მოვალეობა და ამ ქვეყნის სამსახური. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი და ჩვენი საზოგადოების მადლიერება. გილოცავთ ფიცის დადებას! ამ ფიცის ერთგულნი იყავით მუდამ, ამ ფიცის და თქვენი სამშობლოს ღირსნი იყავით მუდამ, ამაყად ატარეთ ჩვენი ქვეყნის დროშა! თქვენ საქართველოს ჯარისკაცებო გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს! თქვენ ემსახურებით საქართველოს და ამაზე დიდი, საპატიო და საამაყო სამსახური არ არსებობს. გილოცავთ და ვულოცავ ამ დღეს სრულიად საქართველოს!" განაცხადა პრეზიდენტმა.

საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დასკვნითი წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით ჩატარდა. „61-ე ბატალიონის არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხი „აკაციას“ საშუალებით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანეიტრალეს. სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო. საველე წვრთნა დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ წარმატებით შეფასდა. საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თავდაცვის სამინისტრო: შოვისკენ უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი

საქართველოს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოს ეფექტიანად განსახორციელებლად დღეიდან ჩაერთო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. ამასთან, სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ. შოვში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად, კოპიტნარის ბაზიდან კი, ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება. „ქვედანაყოფი უახლესი თაობის სამაშველო საშუალებებით არის აღჭურვილი, რომელიც ქართულ მხარეს დანიის სამეფომ გადასცა. პირად შემადგენლობას ასევე, გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის მიმართულებებსა და საჭიროებებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. სალიკვიდაციო სამუშაოს განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური სამხედრო ტექნიკითა და საშუალებებით, რომლებიც ამოცანების მიღებისთანავე ჩაერთვებიან სამაშველო და გაწმენდით ღონისძიებებში,“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.  

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე ესპანეთის გუნდი ანგარიშით 87-0 დაამარცხა. ნაკრებმა გუნდმა „Defence Lelos“ მეტოქეს 14 უპასუხო ლელო გაუტანა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი შემდეგ შეხვედრას დიდ ბრიტანეთთან 23 აგვისტოს გამართავს, ხოლო 27 აგვისტოს ტონგას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, დაკავებული ადგილის მიხედვით, ნახევარფინალში მისი მეტოქე გაირკვევა. „თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს,“ - აცხადებენ უწყებაში. რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში იმართება და მასში 12 ქვეყნის ( საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ტონგა, უზბეკეთი, ფიჯი) გუნდი მონაწილეობს.  რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება და მასში საქართველოს თავდაცვის ძალები მესამედ მონაწილეობს.  

თავდაცვის სამინისტრო: ავიაციის პარკს კიდევ ერთი განახლებული სუ-25 შეემატა

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიაციის პარკს კიდევ ერთი განახლებული სუ-25 შეემატა. უწყების განცხადებით, თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. „თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის გაძლიერება და არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე იმყოფებოდა და საავიაციო საშუალებების განვითარების პროცესს გაეცნო. თავდაცვის მინისტრი სასწავლო პროცესსაც დააკვირდა და განახლებული საფრენი აპარატის სატესტო ფრენას წყვილში შეუერთდა. მინისტრთან ერთად შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა. სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად, უკვე გაიმართა 7 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 3 ერთეული L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატების რემონტზე. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს

19 სექტემბერს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდარავამ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ მიულოცეს. ქართული ავიაციის დაარსებიდან 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები - “გენერალი კვინიტაძე”, “გენერალი მაზნიაშვილი" და “სამშობლოსთვის თავდადებული”, ასევე საშტატო იარაღი გადაეცათ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრება სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი ტექნიკის დასათვალიერებლად გადაინაცვლეს. საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე 19 სექტემბერს აღინიშნება. 1992 წელს, სწორედ ამ დღეს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.                         

თავდაცვის ძალების რაოდენობა არა უმეტეს, 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება

2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არა უმეტეს, 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, კომიტეტმა საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა. „პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სხდომაზე თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ მთავრობის წარდგინება განიხილა. საკითხი პარლამენტის წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გააცნო. 2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არა უმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. კომიტეტმა საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მე-12 ქვეითმა ბატალიონმა საველე სიტუაციური წვრთნა რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ჩაატარა

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ბრიგადის მე-12 ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. უწყების ცნობით, პროგრამა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც საველე სწავლებებსა და საბრძოლო სროლებს მოიცავდა. „სწავლების დასკვნით ეტაპზე, საველე სიტუაციური წვრთნა რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ჩატარდა. ბატალიონის დონის საბრძოლო სროლები დღისა და ღამის პირობებში ვაზიანის სასროლეთზე განხორციელდა. ბატალიონმა, მხარდამჭერი კოლექტიური დავალებების შესაბამისად, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები შეასრულა. საბრძოლო მომზადების ცენტრში შემავალი მოწინააღმდეგე ძალების გამთამაშებელი (OPFOR) ასეული მათ რეალურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებს უქმნიდა. წვრთნა საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა დადებითად შეაფასეს. სწავლებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.